1869 წელს ქუთაისის სოფელ ჭოლევში, ღარიბი აზნაურის ოჯახში დაბადებული მიტროფანე ლაღიძე უაღრესად განათლებულის მამის და დინჯი, სასიამოვნოდ მოსაუბრე დედის – გულჩინა უგრეხელიძის შვილი გახლდათ.

მიტროფანე 14 წლის ასაკში ჩამოუყვანიათ ქუთაისში და მუშაობა დაუწყია კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოესახლებინათ. ფარმაციის მაგისტრი ჩინებულად ყოფილა დაუფლებული თავის პროფესიას, მას სიყვარული და პატივისცემა თავისი პროფესიისადმი მოწაფეებისთვისაც ჩაუნერგავს.

ივანოვსკის ქუთაისში აფთიაქის გარდა ჰქონდა ლიმონათის წარმოება, სადაც მიტროფანეც მუშაობდა. იქ მიტროფანემ შესანიშნავად შეისწავლა ხილეული წყლების – უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას თვითონ ჩაუდგა სათავეში.

📌 1900 წელს კი ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობა.
📌 მიტროფანე უფრო მეტად დაინტერესებული იყო ქართული სასმელების სახელით, ვიდრე ამხანაგობის მოგებით.

1902 წელს მიტროფანე გაემგზავრა საზღვარგარეთ – გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში გაეცნო და შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც შემდეგ დიდი ცოდნითა და ეფექტიანობით გამოიყენა თავის წარმოებაში.

ქუთაისის ბანკის მმართველის, კირილე ლორთქიფანიძის დახმარებითა და ხელშეწყობით საფრანგეთიდან სათანადო კომპანიისგან მიიღო საკმაო კრედიტი ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარების შეასძენად. წამოწყება ქუთაისში 1904 წელს განხორციელდა და აშენდა ელექტროსადგური, რომელმაც პირველად ქუთაისს მისცა ელექტროგანათება. შემდეგ მიტროფანემ საფრანგეთიდან მიიღო მაცივარ-დანადგარები ხელოვნური ყინულის მისაღებად, რომელიც დაამონტაჟა ელექტროსადგურის მახლობლად კვების საჭიროებისთვის. ეს იყო დიდი სიმძლავრის ქარხანა, რომლის მიერ გამოშვებული პროდუქციით, ქუთაისის გარდა ამარაგებდა აგრეთვე, ფოთის ნავსადგურის სამაცივრო მეურნეობასაც.

📌 მიტროფანემ, პირველმა ძალიან ფართოდ გამოიყენა ხილეული წყლების უალკოჰოლო სასმელის დასაყენებლად საქართველოში არსებული ადგილობრივი ხილ-კენკრის ნედლეული.

📌 ლიმონათის ჩამოსასხმელად საქართველოში მან შუშის ბოთლები შემოიტანა და მომავალი ბრენდისთვის ეტიკეტიც შეიქმნა.

ეტიკეტზე გამოსახული ჩიხტიკოპიანი ქალი, მიტროფანეს დედა იყო. ეტიკეტზე განთავსებული წარწერა კი გადმოსცემდა:
,,მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს.“

1906 წელს თბილისში გახსნა ლიმონათის ქარხანა და მაღაზია. ლიმონათის მაღაზიის გახსნას დიდი სკანდალი მოჰყვა: საქმე ის არის, რომ აბრაზე რუსული წარწერა ქართულის ქვეშ იყო მოთავსებული, რაც მეფის რუსეთის მმართველობის ეპოქაში დაუშვებელ ფაქტს წარმოადგენდა. გადაწყდა ლაღიძის დაპატიმრება, თუმცა ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით გადარჩა. უკვე 1910 წლისთვის კი თბილისში არსებობდა ხილის წყლების 3 ქარხანა – ლაღიძისა, ზემელისა და მამულოვისა. მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლომონათს უშვებდა ლაღიძის ქარხანა, რომლის პროდუქცია საქართველოს საზღვრებს გარეთაც იგზავნებოდა. თბილისში მყოფი ირანელი ვაჭრები, როგორც განსაკუთრებულ საჩუქარს, ირანის დიდებულებსა და წარჩინებულ პირებს „ფეშქაშად“ უგზავნიდნენ ლაღიძის მიერ დამზადებულ წყლებს.

„1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები ხარისხის მხრივ მოწონებული და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინთეტიური ესენციები და ქიმიკატები“, – წერს ერთ-ერთ წერილში მიტროფანე.

1927 წელს, საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებით, „ლაღიძის წყლების“ ახალი ქარხანა აშენდა.

1934 წელს, ლაღიძის ინივიატივით, იმ ქარხნის მახლობლად, ნახშირმჟავა-გაზის ქარხანაც აშენდა, სადაც პრაქტიკებს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებიც გადიოდნენ.

📌 მიტროფანემ ჩაუყარა საფუძველი სამთო და ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ობიექტს – ბარიტის მოპოვებას. ბარიტი ჩამოჰქონდა ქუთაისიდან – ახლომდებარე სოფელ ჯონეთის საბადოდან, წინასწარი დამუშავებისა და გამდიდრების შემდეგ მას პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გზავნიდა.

1952 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა სტალინს 100 ბოთლი „კოკა-კოლა“ გამოუგზავნა საჩუქრად. გადაწყდა, რომ საპასუხოდ ამერიკაში ,,ლაღიძის წყლები“ გაეგზავნათ. სიროფის შესაქმნელად მოსკოვში 83 წლის მიტროფანე ლაღიძე გამოიძახეს. მის ლიმონათს ამერიკაში ისეთი ფურორი მოუხდენია, რომ თეთრი სახლიდან მიუწერიათ, რომ ამერიკაში ლაღიძის ლიმონათის ექსპორტირება სურდათ. მას შემდეგ ლაღიძე, სტალინის ბრძანებით, კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაუნიშნავთ.

📌 მიტროფანე ლაღიძის საქმიანობა სცდებოდა მხოლოდ კომერციულ მიზნებს. იყო ქველმოქმედი და მეცენატი, მეგობრობდა მწერლებთან, მსახიობებთან. იყო აკაკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი და მისი ნაწერების გამომცემელი. მის მიერ დაარსებულ ტიპოგრაფიაში იბეჭდებოდა არაერთი პოეტისა და პროზაიკოსის პირველი წიგნები. მაშინ ეს ძალიან სარისკო საქმე იყო, არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მეფის ცენზურის გამოც, რაც ყოველგვარ პროგრესულ და მოწინავე აზრს დევნიდა და ავიწროებდა. მიტროფანეს ინიციატივით გამოიცა ქართველი მწერლების პოემების კრებული, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“, აკაკი წერეთელის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“.