ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, მრეწველი და ქველმოქმედი, ცნობილი მეწარმე, საზოგადო მოღვაწე დავით სარაჯიშვილი დაიბადა თბილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს.

დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე იყო. დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

📌 1866 წელს კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგაზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა.

📌 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა.

📌 1878-1880 წლებში საფრანგეთში ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 14 წლის შემდეგ, 1880 წელს დაბრუნდა და იმავე წელს მომხიბლავ ეკატერინე ივანეს-ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა.

📌 სამშობლოში დაბრუნებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ, ახალგაზრდა დავითმა მამამისის და ბიძის ქონების მოწესრიგება დაიწყო.
– ახალგაზრდა, განათლებულმა ბიზნესმენმა ამ დიდი სიმდიდრის სწორ კალაპოტშო წარმართვა მოახერხა.
📌 ალკოჰოლის დარგს მოჰკიდა ხელი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
📌 ის მალე იქცა ამიერკავკასიის ერთ-ერთ უდიდეს მეწარმედ.
📌 მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს სპირტის სასმელთა წარმოების და რეალიზაციის დიდი ნაწილი.
📌 დავით სარაჯიშვილმა ვლადიკავკაზთან არყის ქარხანა იყიდა და იმავე დროს ტფილისში სპირტიან სასმელთა წარმოება ააწყო.
📌 ტფილისში მან ასევე საბითუმო საწყობი და მრავალი სავაჭრო გახსნა.
📌 დავით სარაჯიშვილის ვლადიკავკაზის ქარხნის ბალანსზე სოლიდური სამედიცინო პუნქტი და საკვირაო სკოლა არსებობდა, სადაც წერა-კითხვას და სამეურნეო საქმეს ასწავლიდნენ.
📌 ამ ოლქში სიმინდის კულტურის დანერგვაში და მის სავაჭრო პროდუქტად გადაქცევაში დავით სარაჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
📌 რამოდენიმე წლის მანძილზე, ქარხანა ადგილობრივ გლეხებს სიმინდის მარცვალს უფასოდ ურიგებდა, სჩუქნიდა, რითიც სიმინდი მთიელთა შემოსავლის ძირითად პროდუქტად გადაიქცა.
📌 1887 წელს, დავით სარაჯიშვილი ერევნის გუბერნიაში, ქალაქ ერევანთან სარექტიფიკაციო ქარხანას ხსნის და შემდეგ ის ერევანში გადააქვს. ეს ქარხანა ერევნის გუბერნიის პირველ სარექტიფიკაციო ქარხანად ითვლებოდა.

ქარხნის ნაწარმის ნაწილი სარაჯიშვილის ტფილისისა და ბაქოს საწყობებში გადაჰქონდათ, ნაწილი ადგილზე რჩებოდა, დიდი ნაწილი კი მიჰქონდათ მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში და სხვა ქალაქებში ისეთ დიდ მეწარმეებთან, როგორებიც იყვნენ სმირნოვი, ვოლბრუკი, არაბაჟი და სხვები…

📌 დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია, მისი წარმოების ფრანგული წესები და ნორმები.
📌 სარაჯიშვილის ფირმის ნაწარმი მალე გაიცნეს და აღიარეს პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.
📌 1902 წელს, ალკოჰოლურ სასმელთა წარმოების განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის დავით სარაჯიშვილს რუსეთის იმპერიის კომერციის მრჩევლის წოდება მიანიჭეს, 1913 წელს კი “მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის მიმწოდებელის” საპატიო წოდება.

📌 დავით სარაჯიშვილი სოლიდურ სახსრებს იღებდა საქართველოს მოსახლეობის უწიგნურობასთან ბრძოლისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და დრამატული საზოგადოებების შექმნა-განვითარებისათვის, ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და ახალთა მშენებლობისათვის. თითქმის მთლიანად მისი სახსრებით აიგო რამოდენიმე სკოლა და სასწავლებელი, მათ შორის სამუსიკო სასწავლებელი. მისი სახელი დაკავშირებულია “ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის”, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და სხვა არაერთი ეროვნული წამოწყების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.

📌 დავით სარაჯიშვილმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში, მოგვიანებით კი მას თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უანდერძა. მან შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალაგაზრდების გამოვლენა და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა, თანადგომა ევალებოდა, რათა ასეთთ რუსეთში და ევროპაში უმაღლესი განათლების მიღება შესძლებოდათ.

1911 წელს პოლონური გაზეთი “ოზის ახალი გაზეთი” (№32) სწერდა: “ის ყველგან და ყოველთვის აკეთებდა რაღაცას სხვებისთვის – აკეთებდა ჩუმად, საგაზეთო რეკლამის გარეშე, გულის განუმეორებელი სინაზითა და უბრალოებით. ყოველი კეთილი, კეთილშობილი საქმე მასში გუმხურვალე დამცველსა და გულუხვ მფარველს პოულობდა. დავით სარაჯიშვილი სიკვდილის შემდეგაც თავისი თავის ერთგული დარჩა. მან საზოგადოებრივი საქველმოქმედო მიზნებისთვის 500 000 რუბლი დატოვა.”

გამოსამშვიდობებელ წერილში თავადი დავით გურამიშვილი მწუხარებით სწერდა: “…შენს გულში ადგილი ჰქონდა ყველას, მიუხედავად ადამიანთა სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა, განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ღირსეულები გიყვარდა და უღირსები გეცოდებოდა. შენ არ იცოდი რაა სიძულვილი, ის არასოდეს ეხებოდა შენს მგრძნობიარე გულს“…

დავით სარაჯიშვილი უკურნებელი სენით გარდაიცვალა; დაკრძალეს ტფილისის ცენტრში, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 1911 წლის 26 ივნისს.