აკაკი ხოშტარიას მოღვაწეობის არეალი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა არამედ ირანსა და თურქეთსაც მოიცავდა. მან სანქტ-პეტერბურგში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, გაგრაში პრინც ოლდენბურგთან მსახურობდა სუპერინტენდანტად.
სწორედ მან დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე, შემდგომში კი მუდმივად ზრუნავდა ამ ადგილების გამწვანებასა და განაშენიანებაზე.
მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.
პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი ნავთობსამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა ოპერაციებს.
1913 წელს მან კონტრაქტი დადო ირანის ჩრდილოეთის მიწათმფლობელებთან და დააარსა კომპანია „პერსლესი“, რომლის კაპიტალიც რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ააშენა საკუთარი საამქროები, ელექტრონზე მომუშავე ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „თალრუდი“, რომელსაც ხის მორების გადასაზიდად იყენებდა.
ამ დროისათვის აკაკი ხოშტარიას თბილისში ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და სხვა საწარმოები.
იგი იყო „ამიერკავკასიის ბანკის“ გამგეობის წევრი, დააარსა „ტრანსკავკასიური ბანკი“ და სატრანსპორტო კომპანია; აფინანსებდა ეროვნულ-დემოკრატების გაზეთ „საქართველოს“; ფინანსურ დახმარებას უწევდა ნოე ჟორდანიას მთავრობას ჯერ საქართველოში და შემდეგ – ემიგრაციაშიც.
აკაკი ხოშტარიას ბიზნესის მყარი დასაყრდენი იყო ურთიერთობების აწყობის ის იშვიათი უნარი, რაც ხოშტარიას თავისი დროის არეულ პოლიტიკურ სიტუაციაში ერთგულ მეგობრებს უჩენდა ყველა მიმართულების პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო მოხელეებში.
ხოშტარია იყო ფართო განათლების, იშვიათი შემწყნარებლური ბუნებისა და მოსიყვარულე, ლმობიერი გულის ადამიანი. იგი ცდილობდა ყველასთვის გაეწია დახმარება და უშურველად ამოსდგომოდა მხარში ყველა სასიკეთო ინიციატივას.
მიუხედავად მისი საქმიანობის ვრცელი გეოგრაფიული არეალისა და იმისა, რომ, სამშობლოში ყოფნა იშვიათადღა უწევდა, აკაკი ხოშტარიას მოღვაწეობის ძირითადი ინტერესი საქართველოსა და მის მომავალზე ზრუნვით იყო შეპირობებული. ის საქართველოზე ზრუნვას არც სამშობლოდან განდევნილი წყვეტდა და ყოველთვის იმას ფიქრობდა, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა დაუძლურებული, მტრისაგან დამონებული საქართველოსათვის.
🔸
📌 1907 წელს მან ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა ახალშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.
📌 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში, დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით სახლი ააშენა, რომელიც მოგვიანებით საჩუქრად გადასცა სოფელს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
📌 დღევანდელი მწერალთა სახლის, სარაჯიშვილისეული სასახლის ამბავი, რომელსაც აქამდე დავით სარაჯიშვილის ნაჩუქრობად ვიცნობდით. სინამდვილეში, 1918 წელს სარაჯიშვილის სასახლე საჯარო აუქციონზე თბილისელთა თხოვნით შეიძინა აკაკი ხოშტარიამ. მან სახლი გადააკეთა: მოაწყო ზამთრისა და ზაფხულის ბაღები, იტალიიდან ჩამოატანინა ლომის ფიგურები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელთა ნაწილიც „მწერალთა სახლში“ დღემდე ინახება.
📌 აკაკი ხოშტარია ამოუდგა მხარში ფინანსურად ნიკო ნიკოლაძის ინიციატივას და 1914 წელს გაიყვანა რკინიგზა ფოთიდან აბაშაში.
📌 1920 წელს, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად, მან შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში.
📌 საფრანგეთში შეისყიდა ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის ანდრე ლოტის ნახატები და საჩუქრად გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს.
📌 მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტი გახდა.
📌 მან კონსტანტინოპოლში, თავის შექმნილ თურქულ-სპარსულ ბანკში, დაასაქმა ქართველი სპეციალისტები, რომელთათვისაც ყურადღება და მზრუნველობა არასდროს მოუკლია.